ალექსანდრ შალენბერგი - მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი დასავლური სამყაროს ნაწილია
ალექსანდრ შალენბერგი - მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი დასავლური სამყაროს ნაწილია

მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი დასავლური სამყაროს ნაწილია, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ბრატისლავაში მიმდინარე ფორუმზე განაცხადა.

მოდერატორმა მას დაუსვა კითხვა, უჭერს თუ არა ავსტრია მხარს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაცემას.

„ევროკავშირი მკაფიო სიგნალით უნდა გამოვიდეს, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი, მაგრამ ერთადერთი რაც მაღელვებს, არის სიმბოლიზმი. მხოლოდ ასეთი სიმბოლური და ეტიკეტური ნაბიჯის გადადგმა სწორი სიგნალი არ იქნება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლოა, მოსკოვს თვალი მხოლოდ უკრაინაზე არ უჭირავს. ვსაუბრობ მოლდოვაზე, სამხრეთ კავკასიაზე და დასავლეთ ბალკანეთზე. ჩვენი პოზიციაა, რომ მკაფიო სიგნალი გავაკეთოთ და ვთქვათ – ეს რეგიონები არის დასავლური სამყაროს ნაწილი, თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, რადგან წარსული ჩარჩოები, რაც გვქონდა – სრული წერვობა, ასოცირების შეთანხმება ან ეკონომიკური ინტეგრაცია, არ არის საკმარისი, რადგან შეხედეთ ბალკანეთს, ჩვენ მათ წევრობას 19 წლის წინ დავპირდით და ახლა იმედგაცრუება იზრდება. დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთი უფრო პოპულარულია, ვიდრე ევროკავშირი. სერბთა რესპუბლიკაში კი, პუტინია ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი. ეს უნდა იყოს განგაშის სიგნალი ბრიუსელისთვის და იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ ახლაც“, – განაცხადა შალენბერგმა.