ალექსანდრ მერეჟკო - საქართველოში უკრაინის ელჩი რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს, თუმცა ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა
ალექსანდრ მერეჟკო - საქართველოში უკრაინის ელჩი რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს, თუმცა ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა

მე ვემხრობი, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, – ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ განაცხადა.

ამასთან, მერეჟკოს განცხადებით, უკრაინისთვის საქართველო ახლო პარტნიორია და ქვეყნებმა ერთად უნდა განაგრძონ გზა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

​„საქართველო ჩვენთვის სანდო მეგობარია, ის არ არის დიდი ქვეყანა. მისი მოსახლეობა, თუ არ ვცდები, სამი მილიონია და თქვენი გეოპოლიტიკური სიტუაცია, თუ არ ვცდები, გაცილებით რთულია. თუმცა, ამ დაბრკოლებების მიუხედავად რასაც ვაფასებთ, ისაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად. ჩვენზე ძალიან იმოქმედა რეაქციამ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა ომის დაწყებისას. ჩვენ დავინახეთ ეს რეაქცია, როგორ გამოვიდა ქართველი ხალხი ქუჩაში სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ეს დავაფასეთ და ჩვენთვის საქართველო ახლო პარტნიორია და გვინდა ერთად განვაგრძოთ გზა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ასოცირებული ტრიოს ფორმატზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც. პირადად მე ვემხრობი იმას, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“, – განაცხადა რადას დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.