ალექსანდრ ლუკაშენკოსა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურის შეხვედრასთან დაკავშირებით კიევმა ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
კიევმა ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
უკრაინის ხელისუფლებამ ბელარუსში უკრაინის ელჩის, იგორ კიზიმის გაწვევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურს, დენის პუშილნს შეხვდა და დახმარება აღუთქვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრას მინსკის მხრიდან დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციის მცდელობა უწოდა.
კიევში აცხადებენ, რომ დენის პუშილინი ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულებებში და მის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.
კიევმა მოუწოდა მინსკს, თავი შეიკავოს „დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა“.
ბელარუსის ლიდერმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. მეთაურს 18 აპრილს მინსკში უმასპინძლა.