ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ მან „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მე ვიცი მისი (პუტინის) ხასიათი და ის არასდროს ეცდება, დაარწმუნოს სხვა ქვეყანა, რომ თავისი სამხედროები ჩარიოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სპეციალურ ოპერაციაში“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რას ნიშნავს, თუ ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ომში ჩართვის ფაქტი დადასტურდება, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს.
„ეს იქნება ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციისკენ, თუ ხაზზე იქნებიან რომელიმე ქვეყნის სამხედროები, თუნდაც ბელარუსის. თუნდაც ჩვენ რომ ჩავერთოთ ომში, ეს იქნება გზა ესკალაციისკენ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ, ანგლო-საქსები მომენტალურად იტყვით, რომ სხვა ქვეყანა ჩაერთო და ნატო-ს ჯარები უკრაინაში განლაგდებიან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ხოლო კითხვაზე, უთხოვია თუ არა ოდესმე ვლადიმირ პუტინს მისთვის ბელარუსის ჯარების გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ლუკაშენკომ უპასუხა: არასოდეს.
„არც მას, არც ყოფილ თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და არც ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვს არასდროს დაუყენებიათ ეს საკითხი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ კითხვის პასუხად.