ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე დივერსანტების შესვლის შემთხვევები გახშირდა, რის გამოც საზღვარზე ზომები უნდა იყოს მიღებული
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ბელარუსის მედია წერს.
შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის გარშემო ვითარება რთულია და მთავრობას საზღვარზე სერიოზული ზომების მიღება დაავალა, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახის დივერსანტის ქვეყანაში შესვლა.
„ბელარუსის ტერიტორიაზე ბოლო დროს დივერსანტების შემოსვლის შემთხვევები გახშირდა, ამიტომ მსურს, მოვისმინო საპასუხო წინადადებები, როგორ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
შეხვედრის დროს ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ივან ტერტელმა აღნიშნა, რომ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბელარუსის ირგვლივ ვითარების მნიშვნელოვანი გამწვავებაა მოსალოდნელი.