ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული კიდევ 30 პირი შეიწყალა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული კიდევ 30 პირი შეიწყალა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ჰუმანური ჟესტია ამ ადამიანების მიმართ.
შეწყალებულთა შორის შვიდი ქალი და 23 მამაკაცია. მათი უმრავლესობა არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი შვილების მშობელია.
ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ყველა მათგანმა „აღიარა დანაშაული, მოინანია ის და კანონმორჩილი ცხოვრების გაგრძელების პირობა დადო“. მათ კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი აგვისტოშიც შეიწყალა.
ცნობისთვის, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს ბელარუსში ასობით ადამიანი დააკავეს.