ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი შეიწყალა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეწყალებულებს შორის 14 ქალი და 16 კაცია. მათგან ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არის რამდენიმე პენსიონერი. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და ვალდებულება აიღო, კანონმორჩილი ცხოვრების წესით იცხოვროს.
შეწყალებას გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია. მისი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე ბელარუსში ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება.
„ჩემთვის შვებაა, რომ ზოგი პოლიტიკური პატიმარი ბელარუსის ციხეებიდან გათავისუფლდა. ეს არის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. თუმცა გული მტკივა, როდესაც ვიცი, რომ ყოველდღე მეტ ადამიანს აკავებენ და ბევრი რჩება საკნებში. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, ვიდრე ყველა მათგანი არ იქნება თავისუფალი“, – დაწერა ციხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს ბელარუსში ასობით ადამიანი დააკავეს.