ალექსანდრ ლუკაშენკო - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მეზობელ სახელმწიფოებთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
პუტინისა და ლუკაშენკოს პირისპირ მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით მათ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს, თუმცა უამინდობის გამო, სოჭში ჩასვლა დააგვიანა რუსეთის დელეგაციის ნაწილმა.
როგორც მედიასთან რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, მას ბელარუსის პრეზიდენტთან მრავალი აქტუალური საკითხი აქვს განსახილველი, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ პუტინთან მან ასევე ის საკითხები განიხილა, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის მეზობელ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ეხებათ.
„ჩვენ განვიხილეთ არა მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენენ, არამედ ისინი, რომლებიც ეხება ჩვენ მრავალ მეზობელს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, იმ პოლიტიკას, რომლებსაც ახლა ვატარებთ ჩვენ და ისინი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მინსკი რუსული ნავთობის ალტერნატივას ეძებს. დეკემბერში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობას რუსული ნავთობისთვის ალტერნატივის მოძებნა დაავალა. მინსკი, ნორვეგიის გარდა, მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, საუდის არაბეთთან და აშშ-სთან აწარმოებს.