ალექსანდრ ლუკაშენკო - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ უთანხმოებისა და სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დამყარდეს
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე ხშირად საუბრობს და იზიარებს მოსაზრებას, რომ უთანხმოებისა და სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად, ურთიერთობები უნდა დამყარდეს, ამის შესახებ ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენ სწორად აღნიშნეთ, საქართველოს მთავარი პრობლემა – ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ იცით ამასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება – ჩვენ ყველა პრობლემისა და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან დარეგულირებას ვემხრობით.
თქვენ ახსენეთ რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებასთან ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. ასევე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ურთიერთობები უნდა დამყარდეს ყოველგვარი უთანხმოებისა და სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად. უთანხმოებები შეიძლება იყოს, ისინი იყო და ყოველთვის იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან ხალხი, ერები დგას, მათ სურთ მშვიდობიანად ცხოვრება და მეგობრობა.
გუშინ ჩემს კოლეგა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის რუს და ქართველ ხალხს შორის კონფლიქტი, ეს არის ხელისუფლებების კონფლიქტი და საჭიროა, ორივე მხარის ამბიციებისგან განზე გადგომა და ნორმალური ურთიერთობების დამყარება, რაც ჩვენს ერებს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
გარდა ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქს ქართულ საზოგადოებაში დიდ პატივს სცემენ.
„მოხარული ვარ, რომ თქვენ და თქვენი თანაშემწეები ეწევით აქტიურ ცხოვრებას, როგორც ამის შესახებ თქვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა მითხრეს, თქვენ პატივს გცემენ ქართულ საზოგადოებაში. ეს ქართველი ხალხის ერთიანობის ძლიერი ვექტორია.
თქვენ, ალბათ, ყველაზე მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს, მე უკვე აღარ ვსაუბრობ ახლო წარსულზე, რომელშიც საქართველოს ეკლესიამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მთავარი როლი შეასრულა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.