ალექსანდრ ლუკაშენკო - თვითმფრინავის დაშვების ბრძანება კორუფციონერების დასაკავებლად გავეცი
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მინსკი-მიუნხენის რეისი მისი ბრძანებით დააბრუნეს უკან, რადგან ბორტზე კორუფციონერები იმყოფებოდნენ.
საუბარია 24 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ავიაკომპანია „ბელავიაის“ თვითმფრინავი პოლონეთის საჰაერო სივრციდან უკან ბელარუსში დააბრუნეს. ქალაქ გროდნოში დაშვების შემდეგ სამგზავრო ლაინერის ბორტზე ფორმიანი ადამიანები ავიდნენ და რამდენიმე სახელი ამოიკითხეს, რის შემდეგაც მათ 6-8 მგზავრი ჩაიყვანეს ბორტიდან, რომელთა შორისაც იყო ორი არასრულწლოვანი გოგონა.
შედეგად მიუნხენის რეისი რვა საათის დაგვიანებით შესრულდა. ავიალაინერის კაპიტანმა მომხდარი „ტექნიკური გაუმართაობით“ ახსნა.
დღეს კი ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი პოლონეთიდან მისი ბრძანებით დააბრუნეს, რადგან კორუმპირებული პირების ევროპაში გაქცევის საფრთხე არსებობდა.
როგორც ბელარუსის მედია წერს, დაკავებულები შაქრის ოთხი ქარხნის დირექტორები არიან. სულ ამავე საქმეზე დაპატიმრებულია 11 პირი.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, „შაქრის ქარხნების დირექტორებმა მოსკოვში სავაჭრო სახლი დააფუძნეს, სადაც თავისი ხალხი დანიშნეს.“
„შემდეგ ამ სავაჭრო სახლს იაფად მიჰყიდეს ბელარუსში წარმოებული შაქარი და მერე ბაზარზე ძვირად ყიდდნენ, ხოლო სხვაობას ქრთამის სახით დირექტორები იღებდნენ“, – განაცხადა ლუკაშნეკომ.