ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ქვეყანაში. ნელ-ნელა ცდილობენ და აგრძელებენ სიტუაციის არევას. ახლა შრომით კოლექტივებს მიადგნენ. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ აქედან არაფერი გამოვა. ქვეყანას არავის დავუთმობთ. სიტუაციას დავიჭერთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ ბელარუსს „რაღაც თანამშრომლობას სთავაზობენ და აყალიბებენ ბელარუსის ალტერნატიულ მთავრობას“.
„ჩვენ გვაქვს ნორმალური მთავრობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ჩამოყალიბდა. ჩვენ საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები. ისე რომ, არ ვაწყენინო ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობას, ვეტყვი – წესრიგი თქვენთან დაამყარეთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.