ალექსანდრ ლუკაშენკო მანქანათმშენებელი ქარხნის თანამშრომელთა ნაწილს შეხვდა -  ვისაც სურს, იმუშაოს, ვისაც არა, ვერ დავაძალებთ
ალექსანდრ ლუკაშენკო მანქანათმშენებელი ქარხნის თანამშრომელთა ნაწილს შეხვდა - ვისაც სურს, იმუშაოს, ვისაც არა, ვერ დავაძალებთ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში, ერთ-ერთი მანქანათმშენებელი ქარხნის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა.

გავრცელებული ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო ადგილზე ვერტმფრენით ჩაფრინდა.

„ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, რომ პრეზიდენტთან ერთად საწარმოში მისი ვაჟი ნიკოლაიც მივიდა.
როგორც სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ქარხანაში ვიზიტისას ლუკაშენკომ საწარმოების თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, საწარმოში 150-200 ადამიანი „ამინდს არ ქმნის“.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ზოგადად ქვეყანაში ქარხნები მუშაობს.

„ვიცი, რომ ზოგიერთი დაბოდიალობს. უპირველეს ყოვლისა, რომელიმე საწარმოში 150, 200 ადამიანიც კი ამინდს არ ქმნის. ვისაც მუშაობა სურს, იმუშაოს. არ სურთ მუშაობა, რა გაეწყობა, ჩვენ მათ არ დავაძალებთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

როგორც სააგენტო Tut.by-ს ქარხნის თანამშრომლებმა განუცხადეს, ლუკაშენკო საწარმოს ტერიტორიაზე, მოედანზე შეკრებილ თანამშრომლებთან არ მივიდა, არამედ შერჩეულ პირთა ჯგუფს შეხვდა.