ალექსანდრ ლუკაშენკო - ლიეტუვის გეგმა, მოახდინოს კალინინგრადის ოლქის ბლოკირება, ომის გამოცხადებას ჰგავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსს სარაკეტო სისტემების გადაცემას დაჰპირდა, რომლებსაც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენება შეუძლია, მათ შორის ბირთვული ვერსიის. აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის ლიდერთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„უახლოეს თვეებში ბელარუსს გადავცემთ „ისკანდერ-ემ“-ის სარაკეტო-ტაქტიკურ სისტემებს, რომლებიც, მოგეხსენებათ, გამოიყენება როგორც ბალისტიკური, ასევე ფრთოსანი რაკეტებისთვის, ამასთან, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული ტიპის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის სერიოზული იარაღის გამოყენებისთვის, რათა დაცული იყოს ტერიტორია ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება, მოახდინოს კალინინგრადის ოლქის ბლოკირება, ომის გამოცხადების ტოლფასია.
„რაც შეეხება ლიეტუვას. ბოლო დროს იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათი გეგმის შესახებ, შეაჩერონ ტრანზიტი რუსეთიდან ბელარუსის გავლით კალინინგრადისკენ, კალინინგრადის იზოლირებისთვის. ეს უკვე რაღაც ომის გამოცხადებას ჰგავს, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.