ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
როგორც ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, ბელარუსებს ქართველი ხალხის მიმართ ყოველთვის ჰქონდათ პატივისცემა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ბელარუსული პროდუქციის საკითხი, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველებისთვის წარწერა „დამზადებულია ბელარუსში“ პროდუქციის კარგ ხარისხზე მეტყველებს, განსაკუთრებით კი საქართველოში ბელარუსულ რძის პროდუქტებს აფასებენ.
საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტი უკვე ჩადებულია და უკვე შესაძლებელია სახლის შენება.
თავის მხრივ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბელარუსის ლიდერს მადლობა გადაუხადა მინსკში „თბილისობის“ დღესასწაულის მასშტაბური ორგანიზაციისთვის.
„ეს ქართველების დამსახურებაა. თქვენ იგრძენით, ჩვენ ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია. ჩვეულებრივ, ასეთი დღესასწაულები მცირე რაოდენობის ადამიანებზეა გათვლილი, აქ კი ათასობით მინსკელი და სტუმარი მოვიდა, ბევრი ქართველიც იყო, ჩვენთან მცხოვრებიც და სპეციალურად ჩამოსულიც. ელჩს ყოველთვის ეუბნებიან, რომ ეს დღესასწაული უფრო ხშირად უნდა გაიმართოს“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.