ალექსანდრ ლუკაშენკო - დაგავიწყდათ, რომ საქართველომ ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა?
ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც უბედურება არ უნახავს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი მთავრობის დანიშვნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლუკაშენკომ ჩამოთვალა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ შორის საქართველო.
მისი თქმით, ბელარუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, მშვიდობა და სტაბილურობაა, თუმცა ზოგიერთს ეს ავიწყდება.
„ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც უბედურება არ უნახავს. ზოგიერთ ბელარუსს ჰგონია, რომ უკრაინა სადღაც შორს დაანგრიეს, ომი იქ მიდის, წაართვეს ტერიტორიის ნაწილი. სადღაც შორს მოლდოვაა, რომელიც შუაზე გახლიჩეს – დნესტრისპირეთი და დასავლეთ ნაწილი. დაგავიწყდათ, როგორ ომობდნენ ლიეტუვაში, ბრძოლით იცავდნენ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საბჭოთა დროს გორბაჩოვის პერიოდში? დაგავიწყდათ, რომ დღეს ჯერ კიდევ ცეცხლი უკიდია კავკასიას, სომხები აზერბაიჯანელებს ეომებიან? ვერ თანხმდებიან. დაგავიწყდათ, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა ჯერ აფხაზეთი, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთი? და ბოლოს, არავინ იცის, როგორც მიდიოდა ჩემი მეგობარი რახმონი გადაკიდებული ტყვიამფრქვევით ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, რომ წესრიგი დაემყარებინა, რამდენი ადამიანი დაიღუპა იქ, როგორ ებრძოდნენ წვერიანებს. დაგავიწყდათ, როგორც ჩაახშო ყოფილმა პრეზიდენტმა კარიმოვმა პუტჩი ათასობით ადამიანის დახვრეტით. ყველა გმობდა მას, ხოლო როდესაც ის გარდაიცვალა, მუხლებზე იდგნენ, ტიროდნენ. ჩვენ ეს არ გადაგვიტანია, ზოგიერთს ამის გაგება არ უნდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.