მადლობა ღმერთს, საქართველო რუსეთსა და ბელარუსთან ნორმალურ ურთიერთობებს აყალიბებს, ამერიკელებმა საქართველო უკვე დაივიწყეს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრ ლუკაშენკომ სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკრულების ორგანიზაციაში წევრობასა და ერევნის საფრანგეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთს საფრანგეთის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს და ერევანში პოლიტიკოსები უნდა გამოფხიზლდნენ, რომ არ დაკარგონ ის, რაც აქვთ. მაგალითად ლუკაშენკომ საქართველო დაასახელა.
„მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთან, ჩვენთან ეკონომიკა იზრდება. მოსინჯეს მარტივი პური დასავლეთში. ამერიკელებმა საქართველო უკვე დაივიწყეს. როგორც კი ქართველები გაინძრნენ იმ კუთხით, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენულია, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო, მათ შორის და უპირველესად – აშშ-მა. ამგვარად, საჭიროა შესაბამისი დასკვნის გაკეთება. ისინი დასავლეთში არავის სჭირდებიან. იქ ათასობით პრობლემაა. დღეს, მაგალითად, აშშ-ში ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ. ხვალ ხელისუფელბა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მისმინეთ, მე თქვენ არ გიცნობთ. მეგობრებო, მე თქვენ პირველად გხედავთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა სომხეთს მოუწოდა, არ იჩქაროს და არ დაკარგოს ის, რაც ხელში აქვთ.
„გასვლა მარტივია, შესვლა კი რთული იქნება. მაგალითად ისევ საქართველოს მოვიყვან. აი, გავიდა დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს კარგია მისთვის? არა. სასურველია დაბრუნება. დაბრუნება კი ყოველთვის უფრო რთულია. აქ სახის დაკარგვაც და სხვა რამეცაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.