ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვის შესახებ ინფორმაციის გაყალბების მტკიცებულება აქვს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვის შესახებ ინფორმაციის გაყალბების მტკიცებულება აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ აქვეყნებს.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სამსახურებმა ბერლინსა და ვარშავას შორის საუბრის ჩანაწერი მოიპოვეს. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„მერკელმა გამოსვლამდე განაცხადა, რომ ნავალნის გაჩუმება სურდათ, ჩვენ ეს საუბარი მოვისმინეთ და ვფიქრობთ, რომ ვარშავა ბერლინს ესაუბრებოდა.
ჩვენ მოვუსმინეთ საინტერესო საუბარს, რომელსაც მე წაგაკითხებთ და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურსაც გადავუგზავნით. საუბარში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ეს ფალსიფიკაციაა. ნავალნი არავის მოუწამლავს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნავალნის მოწამლვის ფალსიფიკაცია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევისთვის ხელის შეშლას ემსაუხრებოდა.
„ტასი“ წერს, რომ ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად ვისი საუბარი მოისმინა.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნის ქიმიური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა და რუსეთისგან განმარტებები მოითხოვა.