ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბოდიშს ვიხდი ხმის გამო, ბოლო პერიოდში ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ თქვენ დღეს ხვდებით ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი ფეხზე გადაიტანა. ასეთი დასკვნა ექიმებმა გუშინ გამოიტანეს“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
როგორც ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, მოსახლეობის 97 პროცენტთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„როგორც ვამბობდი, მოსახლეობის 97 პროცენტს ეს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს. მადლობა ღმერთს, მეც მათ შორის მოვხვდი“, – აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბელორუსის პრეზიდენტი კორონავირუსისადმი საკუთარი დამოკიდებულებითაა ცნობილი, ის მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ვირუსისთვის გადაჭარბებული ყურადღება არ მიექციათ.
„9 მაისს მინსკში მასშტაბური აღლუმიც ჩატარდა. ფეხბურთში ბელორუსის ჩემპიონატი კი, ერთადერთი ჩემპიონატი იყო, რომელიც პანდემიის პირობებში მაინც ჩატარდა. ბელორუსში არც საყოველთაო კარანტინი გამოცხადებულა“, – წერს „ბიბისი“.