ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება
ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ბელარუსში ვითარება კატასტროფული არ არის და პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.
ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა აგროკომბინატში ვიზიტისას განაცხადა.
ლუკაშენკოს განცხადებას სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში ვითარება ძალიან პოლიტიზირებულია, თუმცა არა კატასტროფული.
„მინსკში, კიდევ სადღაც ვიღაცას არ მოსწონს მმართველობა, ეს ბუნებრივია. თუმცა თქენ არ უნდა გაღელვებდეთ. ეს ჩემი პრობლემაა, რომელიც თავად უნდა მოვაგვარო. ჩვენ ვაგვარებთ მას. დამიჯერეთ, უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, აგროკომბინატში მისვლამდე ის სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შეხვდა.
„დავინახე, ისინი არ აპირებენ, თავისი ქვეყანა ვინმეს მისცენ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.