ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს.
„პოლონელებთანაც უნდა ვისაუბროთ. მე დავავალე პრემიერ-მინისტრს, დაუკავშირდეს მათ. თუ მათი სურვილია, მოდით, ვისაუბროთ, დავალაგოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს კი არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან გვერგო“, – განაცხადა ლუკაშენკომ, რომლის ციტატასაც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, პოლონეთის ხელისუფლება სიტუაციას ძაბავს და ამის მიზეზი პოლონეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.
„ვფიქრობ, 15 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე პოლონელები მნიშვნელოვან ცვლილებებზე არ წამოვლენ, რომლებიც სასარგებლოა ჩვენთვის და მათთვისაც. ისინი ჩვენგან ბევრს ითხოვენ, მაგრამ ამ ყველაფერზე ვერ წავალთ, რადგანაც ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ბელარუსი ახლა ძირითადად რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობს, თუმცა, მისივე თქმით, მაღალტექნოლოგიური დასავლეთის დავიწყება არ შეიძლება.
„ისინი ახლოს არიან. ისინი ჩვენი მეზობლებიც არიან. მათთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო, ახლა რთული პერიოდია, 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, მოხდება სერიოზული ცვლილებები მსოფლიოში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 10 აგვისტოს თქვა, რომ ბელარუსის საზღვარზე სამხედრო ძალების გაძლიერება იგეგმება.
მისი თქმით, საერთო ჯამში, ბელარუსის მოსაზღვრე რეგიონებში 10 ათასი პოლონელი ჯარისკაცი განლაგდება.
ეს გადაწყვეტილება ვარშავაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში იმყოფებიან კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები.