ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“
უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ლიტვინენკომ განაცხადა.
ლიტვინენკომ ბალტიის ზღვის რეგიონის ფორუმის – „ნატო 2024 და არქტიკული ევროპა“ მონაწილეებს მიმართა.
„უკრაინა მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება. ამიტომ მომზადდა პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“, რომლის წინ წაწევა ხდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, მას მხარს დაუჭერენ შვეიცარიაში 2024 წლის ივნისში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის მონაწილეები. ეს არის ნამდვილი დიპლომატიური გზა, რომელსაც აქვს ყველა შანსი, ხელი შეუწყოს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას“, – განაცხადა ლიტვინენკომ.
ამასთან, ლიტვინენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არა ორწლიანი ზავი, არამედ მდგრადი მშვიდობა ათწლეულების განმავლობაში, რაც უკრაინის განვითარებას შესაძლებელს გახდიდა. ლიტვინენკომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინას ალიანსში მიიწვევენ.
„ჩვენ გვესმის, რომ გაწევრიანება არ მოხდება ხვალ, თუმცა მიწვევაც კი რუსეთში ბევრ ცხელ თავებს გააგრილებს. ეს ხელს შეუწყობს დეესკალაციას და არ გახდება კონფრონტაციული ნაბიჯი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გამოცდილებამ მკაფიოდ დაადასტურა – პუტინთან ურთიერთობებში მკაფიო სიზუსტე ასტაბილურებს სიტუაციას, მისი არარსებობა კი რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს პროვოცირებას უწევს“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.