ალექსანდრ დე კრო - ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის გზა, რომლითაც გადაწყვეტილებებია მიღებული, მთავარია თავად გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს, რომ 27 ქვეყანა არის გუშინდელი გადაწყვეტილების ნაწილი
ალექსანდრ დე კრო - ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის გზა, რომლითაც გადაწყვეტილებებია მიღებული, მთავარია თავად გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს, რომ 27 ქვეყანა არის გუშინდელი გადაწყვეტილების ნაწილი

უკრაინასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის გზავნილი უკრაინელებისთვის, რომ რთულ მომენტში ჩვენ მათ გვერდით ვართ, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე ეუბნებიან მსოფლიოს, რომ ერთიანობა, რომელიც აქვს ევროპელებს, ძლიერია, როგორც არასდროს.

„მიღებული გადაწყვეტილება არის 27 ქვეყნისთვის სავალდებულო. შენ იქ ფიზიკურად ხარ თუ გონებით ან ფიქრობ რამე სხვაზე – გადაწყვეტილება მიღებულია 27 ქვეყნის მიერ და ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომ რთულ მომენტში ჩვენ მათ გვერდით ვართ. ასევე არის მნიშვნელოვანი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს და დანარჩენ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ერთიანობა, რომელიც გვაქვს როგორც ევროპელებს, ძლიერია, როგორც არასდროს და მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინას, შენარჩუნდება“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს რაც შეეხება, საკითხზე საუბრისას ალექსანდრ დე კრომ აღნიშნა, რომ დიდი ნაბიჯები გადაიდგა საერთო პოზიციამდე მისაღწევად.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, დიდი ნაბიჯები გადაიდგა საერთო პოზიციამდე მისაღწევად, თუმცა ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია. როგორც ჩანს, ჩვენ გვჭირდება რამდენიმე კვირა ამის მისაღწევად და სავარაუდოდ ეს მოხდება ბელგიის თავმჯდომარეობის დაწყებისას. ვფიქრობ, დიდი პროგრესია მიღწეული ამ მიმართულებით, ჩვენ ვხედავთ, როგორი შეიძლება იყოს ამ შეთანხმების ჩარჩო, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ გვჭირდება რამდენიმე კვირა.

უკრაინისადმი გზავნილია – ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით თქვენს მხარდასაჭერად. ჩვენ გვჭირდება გარკვეული დეტალების განსაზღვრა, თუმცა ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ამასთან, როგორც ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, ევროპულმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა ყველას, ვინც ევროპას განიხილავს, როგორც კეთილდღეობის, მშვიდობის კუნძულს.

„ჩემი გზავნილია, რომ ვისაც სურს კეთილდღეობა, ვისაც სურს, იცხოვროს საზოგადოებაში, სადაც ერთმანეთის მიმართ და სხვადასხვა აზრის მიმართ პატივისცემაა, ვისაც სურს, იცხოვროს უსაფრთხოდ და მზად არის აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად, როგორც ევროპელები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის.

ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ ყველას, ვინც ევროპას განიხილავს, როგორც კეთილდღეობისა და მშვიდობის კუნძულს, ასევე მათ, ვინც ემუქრება ამას, განსაკუთრებით მოსკოვს, რომ ჩვენ არ შევუშინდებით, რთულ მომენტშიც ერთად ვართ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ. გზა, რომლითაც გადაწყვეტილებებია მიღებული, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია თავად მიღებული გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის სავალდებულო 27 ქვეყნისთვის. რაც არ უნდა თქვან ამასთან დაკავშირებით, ეს არის 27 ქვეყნის გადაწყვეტილება და ეს ნიშნავს, რომ 27 ქვეყანა არის ამ გადაწყვეტილების ნაწილი“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.