ალექსანდერ შალენბერგი - მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისკენ არ უნდა ვიყურებოდეთ, თვალი უნდა მივადევნოთ სამხრეთ კავკასიას, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ქვეყნები პირველი და მეორე კლასის კანდიდატებად არ დავყოთ
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ჩვენს უახლოეს სამეზობლოს წარმოადგენენ, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისკენ არ უნდა ვიყურებოდეთ, ჩვენ თვალი უნდა მივადევნოთ სამხრეთ კავკასიას, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხარს უჭერენ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ამასთან, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა გაუჩინონ განცდა, რომ ისინი არ არიან მიტოვებული რუსეთის წინაშე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ჩვენს უახლოეს სამეზობლოს წარმოადგენენ. აღმოსავლეთ პარტნიორობა, ჩვენთვის, ავსტრიელებისთვის, ძალიან ახლოსაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვენიდან 5 000 კილომეტრში ომია უკრაინაში. ეს არის რეგიონი, რომელიც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულადაც, ადამიანურად მნიშვნელოვანია. ავსტრიაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ რეგიონიდან და ჩვენ გვაქვს ახლო ურთიერთობები. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია და მჯერა, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისკენ არ უნდა ვიყურებოდეთ, ჩვენ თვალი უნდა მივადევნოთ სამხრეთ კავკასიას. ჩვენ, ასევე, შეიძლება მოგვიწიოს, დავამატოთ ან ვიფიქროთ ახალ ფორმატზე, რომელშიც დავამატებთ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს. ჩვენ უნდა გავუჩინოთ ამ სახელმწიფოებს განცდა, რომ ისინი არ არიან მიტოვებული დიდი მეზობელის, რუსეთის წინაშე, რომლის სუნთქვასაც ისინი კისერზე გრძნობენ. ამ ქვეყნებს სჭირდებათ ევროპა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას მოლდოვისთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ჩვენ ვიყურებით აღმოსავლეთით, მაშინ უნდა გავიხედოთ სამხრეთ-აღმოსავლეთითაც და ამიტომ ვუჭერთ მხარს ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ქვეყნები პირველი და მეორე კლასის კანდიდატებად არ დავყოთ. ჩვენ გვაქვს სამეზობლო, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნებს სჭირდებათ ევროპა“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.