ალექსანდერ შალენბერგი - გაფართოება არის ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისე, რომ წლების განმავლობაში შემდეგ არაფერი მოხდეს, არ მუშაობს
ალექსანდერ შალენბერგი - გაფართოება არის ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისე, რომ წლების განმავლობაში შემდეგ არაფერი მოხდეს, არ მუშაობს

გაფართოება არის ყველაზე ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისე, რომ წლების განმავლობაში შემდეგ არაფერი მოხდეს, არ მუშაობს, ამას ვხედავთ დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ სურთ იგივე შეცდომების გამეორება უკრაინის, მოლდოვისა და სხვების მიმართ.

„აშკარაა, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, 24 თებერვლის შემდეგ შეარყია უსაფრთხოების არქიტექტურა, დაამსხვრია ბევრი რამ, რისიც გვჯეროდა, ახლა რთული ვითარება შეიქმნა, მჯერა, რომ ევროკავშირი საკუთარ ქმედებებს ერთობლივად განახორციელებს. ჩვენ შევდივართ ძალიან კონფრონტაციულ პერიოდში და ეს გაგრძელდება წლები, თუ არა ათწლეულები. პოლიტიკაში ვაკუუმი არ არის, ჩვენ ან გამოგვაქვს სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი ცხოვრების მოდელში ან ვართ სხვისი ცხოვრების მოდელის პირისპირ. ფაქტი არის, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო სიგნალი, რომ ამ ქვეყნებს აქვთ მისწრაფებები, ისინი დაკავშირებული არიან ევროპის ოჯახთან, ჩვენი ღირებულებების, ოჯახის ნაწილი არიან, მაგრამ არ არის სწრაფი სვლა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ესტონეთზე, პოლონეთზე, მათ შემთხვევაში ეს მოხდა სწრაფად. ახლა რომ ვიხილავდეთ ამ ქვეყნებს ისე, როგორც ვიხილავთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და როგორც დავიწყეთ განხილვები საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე, არ არის ძალიან დამაიმედებელი და ამ რთულ დროს რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის, მოვერიდოთ ამ მოდელებს, გაწევრიანების მოდელს, რომელსაც წლები სჭირდება. არის გრძელი პროცესი, ასევე გვაქვს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ჩვენი, ავსტრიის მიდგომა არის, რომ უნდა გავხადოთ ხელშესახები, გაფართოება არის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს. ყველაზე ძლიერი რაც გვაქვს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისე, რომ წლების განმავლობაში შემდეგ არაფერი მოხდეს, არ მუშაობს და ამას ვხედავთ დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში. ჩვენ არ გვსურს იგივე შეცდომების გამეორება უკრაინის, მოლდოვის და სხვების მიმართ. რასაც ვფიქრობ, ეს არის თანმიმდევრული ინტეგრაცია. კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ შეცვლის არაფერს ხალხისთვის ადგილზე, არ მოაგვარებს პრობლემებს, არ მიგაახლოებთ საერთო ბაზარს. მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამეზობლო პოლიტიკის განახლებაზე, ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გვაქვს პასუხისმგებლობა და დიახ, მიმდინარეობს კონფრონტაცია და უნდა მივყვეთ შესაბამისად“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელში „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.