ალექ შელბრუკი- უნდა ვაიძულოთ რუსეთი, უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე
ალექ შელბრუკი- უნდა ვაიძულოთ რუსეთი, უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე

ვერ გავექცევით ფაქტებს, რომ ევროპაში ორი ქვეყანა, საქართველო და უკრაინა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ძალისმიერი შეჭრით ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვეულია, – ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექ ედუარდ შელბრუკი განაცხადა.

„ეს არის მოდელი, რასაც ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპაში და თუ ჩვენ გამოვავლენთ და ვაჩვენებთ სისუსტეს, ამას რუსეთი გამოიყენებს. სწორედ ამიტომ არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ნატო-ს 70 წლის ღონისძიება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არასდროს ყოფილა. უნდა ვისწავლოთ იმ მაგალითებიდან, რომელიც ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში გვქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ისევ ეცდება ხაზების გადაკვეთას. ვერ გავექცევით ფაქტებს, რომ ევროპაში ორი ქვეყანა, საქართველო და უკრაინა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ძალისმიერი შეჭრით ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვეულია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ნატო-მ ეს უნდა გადაჭრას და უპასუხოს გაძლიერებით. უნდა ვაიძულოთ რუსეთი, უარი თქვას ამ ორი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე,“ – განაცხადა შელბრუკმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპქეტივასა დს ამის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, ცდილობს გახდეს ნატო-ს წევრი. წევრობა არ არის უბრალოდ ორგანიზაციის შემადგენლობაში ყოფნა, ეს არის საერთო პრინციპები და სამხედრო შესაძლებლობები, წვრთნები, საერთო სტანდარტებთან მიახლოება, რაც ქვეყნებს უკეთესი თავდაცვის შესაძლებლობას აძლევს. 2016 წელს თბილისში ვიყავი. საზოგადოება მომართული დემოკრატიული ღირებულებებისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის, რასაც ყველა ელის, რომ ნატო დგას დემოკრატიული ქვეყნების გვერდით,“ – განაცხადა ალექ შელბრუკმა. 

ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე.