ალენ სიმონიანი - საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია
საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სიმონიანის თქმით, სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული.
„მინდა, დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით. ჩემსა და ბატონ პაპუაშვილს შორის შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეგრძელებინა ერევანში აპრილში დაწყებული განხილვები. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი სფერო – განათლების, კულტურის, ტრანსპორტის და სხვა. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურას ეხება და უზრუნველყოფენ ჩვენს ჩართვას საერთაშორისო ინფრასტრუქტურებში. ამასთან, ვისაუბრეთ სომხური სათვისტომოს მნიშვნელობაზე, ხაზი გავუსვით სომხური სათვისტომოს როლს სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების საქმეში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი პარლამენტების საგარეო ურთიერთობების, კულტურისა და განათლების კომიტეტების ხელმოწერილ მემორანდუმს“, – განაცხადა სიმონიანმა.
ალენ სიმონიანმა რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის როლზეც ისაუბრა.
„კოლეგასთან ერთად ასევე შევეხეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხს. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით, აზერბაიჯანი თავისი აგრესიული ქმედებებით არღვევს შეთანხმებებს, ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ამ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის აგრესიული შემოსვლა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და გარკვეული ნაწილების ოკუპაცია. ნოემბრის შეთანხმების ყველა პუნქტი დაირღვა ამ შემოსევით. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთის როლის შესახებ რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით. ხაზი გაესვა, რომ საჭიროა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით. დღის წესრიგით სხვა საკითხებიც განვიხილეთ. დიდ მადლობას ვუხდი სომხური დელეგაციის ასეთ მაღალ დონეზე მიღებისთვის. ველოდები ბატონ თავმჯდომარეს მომავალ წერს ერევანში“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.