ალეკო ელისაშვილმა შალვა პაპუაშვილის შენიშვნა გაითვალისწინა და პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა [ვიდეო]
პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შენიშვნა გაითვალისწინა და პარლამენტში ეროვნული სამოსით, ჩოხა-ახალუხით მივიდა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაცმულობა დაუწუნა და საკანონმდებლო უწყებაში ეროვნული სამოსით ამიტომ მივიდა.
„დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვია და რანაირადო, პაპუაშვილმა მითხრა. რა ვიცი, დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ დაიწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, დაცვისთვის უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე და არც არის სწორი, რომ 150 კაცი სხდომათა დარბაზში ხანჯლით იყოს. შეიძლება, პაპუაშვილმა მასრები დამიწუნოს, ქამარი ან ჩოხის კალთა. შარიანი კაცია და ვნახოთ, რას იზამს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს შენიშვნა 6 თებერვლის სხდომაზე მას შემდეგ მისცა, რაც დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ძალიან არასასიამოვნო სცენა ნახა მთელმა საქართველომ. „ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“, ჩემთვის ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა, შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს რეგლამენტის 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საპროტოკოლო, საქმიანი ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ამას მიაქციოთ ყურადღება“.