ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა - წინააღმდეგი ვიყავი, რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა
ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა - წინააღმდეგი ვიყავი, რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა

კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ, ჩამოვიდნენ, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა, – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„ძალიან მაწუხებს ერთი რამ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ. განსაკუთრებით კი, შემოსულიყვნენ ყველაზე უღირსი ხალხი – ესენი არიან დეზერტირები და გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო. მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ერთნაირია და ყველა იმპერიალისტია. მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის, არანაირი დემოკრატები მათ შორის არ არსებობენ, განსხვავება უბრალოდ ის არის, ზოგი უფრო ნაკლებად იმპერიალისტია, ზოგი უფრო მეტად იმპერიალისტი. ჩამოვიდნენ. თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა.

მინდა, პრემიერს ვკითხო, არ გაწუხებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადის? არ გაწუხებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები რომ დადიან? რას აკეთებთ იმისათვის, რომ ამ წუთებში, სოხუმის ციხეში რომ იტანჯება ვაჟკაცი ქართველი ბიჭი – ირაკლი ბებუა, სეპარატისტების დროშა რომ დაწვა და ამის გამო ცხრა წელი მისცეს, რას აკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბიჭი ტყვეობიდან გამოვიხსნათ. ან რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქრისტინე თალაკანძე ჯაშუშობის ბრალდებით, ახალგაზრდა გოგო რომ დააკავეს აფხაზებმა. ჩვენ მათი ენით მუდამ დებსა და ძმებს ვეძახით, მაგრამ ისინი გვიბედავენ ყველაფერს. გალის რაიონში ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ ყველას. „ჩვენი დები და ძმები“. თქვენ რას აკეთებთ, როგორც პრემიერ-მინისტრი, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ და თავისუფლები გავხადოთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა, რას აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება გაძლიერდეს.

„ამასთან, ახლა ბიუჯეტზე ვმსჯელობთ, მაგრამ ძალიან ცოტა არის იქ თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები. თავდაცვის მინისტრი იყავით და უკეთ იცით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ცა ჩავკეტოთ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები ვიყიდოთ. რას აკეთებთ იმისათვის, რომ საარტილერიო სისტემები ვიყიდოთ, რას აკეთებთ, რომ ზოგადად თავდაცვა და უსაფრთხოება გაძლიერდეს, რომ ვერავინ ვერაფერს გვიბედავდეს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ვეტერანებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, უკვე ვალმოხდილ ხალხს, ვეტერანებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.

„შარშან კარგი იყო 22 ლარი, სამარცხვინო 22 ლარი რომ გახდა 100 ლარი, მაგრამ ეს 100 ლარი გაიყინა და დარჩა. ახლა არის ბიუჯეტის განხილვა და პირადად გთხოვთ, იქნებ წელსაც გაუზარდოთ ეს თანხა. აქ 100 ლარსა და 22 ლარზე არ არის, აქ დამოკიდებულებაზეა – ვეტერანებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო, რომლისთვისაც თავი გადადეს, მათ უყურადღებოდ არ ტოვებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.