ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი მობილურის ნომერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა
ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი მობილურის ნომერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა

როგორც დეპუტატი, ამიერიდან ვუპასუხებ და გამოვაცხადე კიდეც ჩემი ტელეფონის ნომერი და გავიმეორებ 593 58 40 52, ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის სწორი პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლებიც შევლენ პარლამენტში.

„მე და ლევან იოსელიანმა ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ, დინების საწინააღმდეგოდ, აღმა ცურვა მოგვიწია და ბევრი სირთულის გაძლება, ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, მაგრამ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, გავაკეთებთ ყოველთვის იმას და გვჯერა და გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს და ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი.

ზოგს ჰგონია ალბათ და ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და აქ რაღაცა პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, მაგრამ ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ადევნებდით თვალყურს, ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი გქონდა გამოქვეყნებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით. გავიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გაგვლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან – 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ, ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და ოთხი წლის განმავლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი, რადგან ჩემთვის დეპუტატობა არის უბრალოდ მეტი იარაღი და მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ და ხალხის პრობლემები მოვაგვაროთ, ხალხის პრობლემები გვინდა, რომ ისმოდეს ამ დარბაზში. ამიტომ ვართ ჩვენ აქ. ვიკამათოთ დაუნდობლად, მაგრამ ვიკამათოთ იდეებზე, არა პრივილეგიების გაყოფაზე და არა რაღაც ჩვენი პირადი კომფორტის მოწყობაზე და სწორედ ამიტომ ვამბობ, გინდ პოპულიზმად ჩამითვალეთ, გინდა რადაც გინდათ იმად ჩამითვალეთ, მე ამიერიდან, როგორც დეპუტატი, ვუპასუხებ და გამოვაცხადე კიდეც ჩემი ტელეფონის ნომერი და გავიმეორებ 593 58 40 52. ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და ეს არის სწორი პოლიტიკა, ჩემი აზრით. დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ აქ და ვიხილავთ იმას, რომ ყველა ერთად კრიტიკით, შესაძლოა, ძალიან მძიმე და დაუნდობელი კრიტიკით, ვიფიქრებთ, რომ ეს ქვეყანა როგორ წავიყვანოთ წინ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.