ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - გთხოვთ, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას, ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს იმ საძაგელ მელოდიას
მოგმართავთ გულწრფელად და გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ იმ შეურაცხყოფას. რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა, ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს იმ საძაგელ მელოდიას, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნონა მამულაშვილს, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართო.
ელისაშვილის თქმით, პერფორმანსს და გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს, თუმცა რუსეთის ჰიმნის ჩართვა მიუღებელია.
„ვიდრე პრემიერის გამოსვლაზე ვისაუბრებ, თხოვნა მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ზოგადად კოლეგებისადმი. ქალბატონო (ნონა მამულაშვილს), თქვენ მოგმართავთ „ნაციონალური მოძრაობიდან“, დარბაზში რომ შემოვდივართ, იქ არის აბრა, სადაც წერია, რომ ეს დარბაზი ზვიად გამსახურდიას სახელობისაა. გულითადად გთხოვდით, მოგმართავთ გულწრფელად – ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ იმ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა, იმ საძაგელ მელოდიას ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს, ძალიან გთხოვდით.
პერფორმანსსაც პატივს ვცემ, გამოხატვის თავისუფლებასაც. ახლა, იგივეს აკეთებთ, რაზეც გთხოვეთ და ეტყობა, თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ლაპარაკი შეუძლებელია. ვახ, ღმერთო რა, ამ ხალხის გამოსწორება მართლა არ იქნება. გთხოვთ, ადამიანურად მოგმართავთ და კიდევ იგივეს იმეორებთ? რა ხალხი ხართ, გამაგებინეთ. მოდით და ჩართეთ მაშინ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო. კერძოდ, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა.