ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მიმართა - ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად
ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა შემაჯამებელ საარჩევნო ღონისძიებაზე მამუკა ხაზარაძეს.
ელისაშვილის თქმით, „ძლიერ საქართველოში“არის იმიტომ, რომ ემსახურება საქართველოს.
„ჩემი ნატვრა იყო, რომ გავმხდარიყავი ოფიცერი. ჩემს ოჯახს უჭირდა, ისევე როგორც ყველა ოჯახს და მაშინ პირველი პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა დამეწყო მუშაობა მეორე კურსიდან, რათა ოჯახს შევხიდებოდი, ვალები ერთად გაგვესტუმრებინა. ამიტომ ვერ გავხდი სამხედრო, მაგრამ გულის სიღრმეშიც და ტვინშიც ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც მეშლება, ბევრი რამ შემეშალა, აგერ პირველად ვეუბნები მამუკას ბოდიშს. მისთვის ბოდიში არ მომიხდია. ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან. მაგრად მშხამავს ის ეთერი, იმის ნახვა არ მინდა. „ქოცებმა“, იცოცხლე, ატრიალეს და ატრიალეს. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად იმ ეთერისთვის. აქ, „ძლიერ საქართველოში“ ვდგავარ, რადგან ვემსახურები საქართველოს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთ მუშტად შეკრული“, – განაცხადა ელისაშვილმა.
თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილს მიმართა მამუკა ხაზარაძემაც: „ალეკო, დიდი მადლობა და ჩემგანაც მიიღე ბოდიში. მეგობრებო, ბოდიში ყოველთვის ორმხრივია“.