ალეკო ელისაშვილი - ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, მაინც ვერ გათავისუფლდება, შეაბრუნებენ, პრეზიდენტს ვინც აკრიტიკებს, თავს იბრიყვებს ან მართლა ვერ ერკვევა კანონმდებლობაში
სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლების გამო ვინც აკრიტიკებს, ან თავს ძალით იბრიყვებს, ან მართლა ვერ ერკვევა კანონმდებლობაში, რადგან ახლა რომ შეიწყალოს, მაინც ვერ გათავისუფლდება, მაინც შეაბრუნებენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ვერც ოპოზიცია და ვერც მმართველი პარტია ვერ ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს.
„ჩვენი პრობლემაა ის, რომ ყველანი ჩვენს ნაჭუჭში ვართ ჩაკეტილი, ვგულისხმობ მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც. ვერ ვხედავთ, მსოფლიო კონტექსტში სად ვართ, ჩვენ გარშემო რა პროცესები მიმდინარეობს. ჭიდილში ვართ – კლდეზე რომ ორი ჯიხვი იყოს, ერთმანეთს ეჯახებოდეს და თან ვერ ხვდებოდეს, რომ იჩეხება, დაახლოებით ასე ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია. ვითომ არ იცოდეს ყველამ, რომ შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული“.