ალეკო ელისაშვილი - ყველაფერი მიანიშნებს, რომ „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სერიოზულად ემზადება, ის, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ამის დასტურია
ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება და თითოეულ ხმას ითვლის, ის, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ამის დასტურია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სერგეენკო მაჟორიტარი დეპუტატია, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე „ქართული ოცნების“ სიით ვერ შევა.
„თავის მხრივ, სერგეენკოც დაეხმარა „ქართულ ოცნებას“, რადგან მან 15 ივნისამდე წასვლის თაობაზე განცხადება არ დაწერა და შესაბამისად, საბურთალოზე მაჟორიტარული არჩევნები არ დაინიშნა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის მნიშვნელობა აქვს დავით სერგეენკოს ხმასაც. ყველაზე დიდი საფრთხე „ნაციონალურ მოძრაობაშია“. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მხრივ ზურაბიშვილს და მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას“ ევაჭრება როგორც შეუძლია – ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. არ გამოვრიცხავ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგმა წევრმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა ელისაშვილი.