ალეკო ელისაშვილი - ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო რეფორმის განხილვაში ჩაერთოს, ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში ერთი დღე მაინც და ბარიერის დაწევას მხარი დაუჭიროს
ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო რეფორმის განხილვაში ჩაერთონ. ერთადერთი საკითხია ღია საარჩევნო ბარიერი. თუ ოპოზიცია პასუხისმგებლობით შეხედავს ამ საკითხს, მაშინ უნდა შემოვიდნენ ერთი დღე მაინც და ბარიერის დაწევას მხარი დაუჭირონ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ეს არის ისტორიული დღე არა მხოლოდ მისი პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან ასეთი მასშტაბის საარჩევნო რეფორმა არ დაწყებულა და არ განხორციელებულა არასდროს.
„ამის შედეგებს ქუჩაში დღესაც ვიმკით, რადგან არჩევნებს არასდროს ვენდობით. ისტორიული დოკუმენტია, მემორანდუმი იქცა კანონპროექტად და დაინიცირდება. გუშინ ჯვარს მაცვეს, ინიცირება რატომ არ მოხდაო და 2 მარტია და ინიცირება მოხდა. მომიწოდებდნენ, გუშინ პარლამენტიდან გავსულიყავი და დღეს შემოვსულიყავი? სხვა რამე რომ არ გამომივიდეს პოლიტიკაში, ეს დოკუმენტი კანონად რომ იქცეს და იქცევა, ეს იქნება საშვილიშვილო ამბავი – არჩევნები დაიბრუნებს ნდობას. ეს ის არის, რის გამოც თავაწეულები შემოვედით და კიდევ თავაწეულები ვართ. ყველას მოვუწოდებ, განხილვაში ჩაერთონ. ერთადერთი საკითხია ღია საარჩევნო ბარიერი. თუ ოპოზიცია პასუხისმგებლობით შეხედავს ამ საკითხს, მაშინ უნდა შემოვიდნენ ერთი დღე მაინც და ბარიერის დაწევას მხარი უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.