ალეკო ელისაშვილი - ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადება მხოლოდ თავდაცვის ძალებში, ამ ეტაპზე უნდა იყვნენ ბიჭები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალებმაც უნდა გაიარონ საბრძოლო მომზადება
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს დადებითად აფასებს.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში.
„ძლივს, ძლივს, როგორც იქნა, მთავრობამ გაიღვიძა. თავდაცვის კოდექსი მუშავდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უშუალოდ ვიყავი ჩართული, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი, სწორია. სტუდენტები არ უნდა მიდიოდნენ დარაჯებად არც სახელმწიფო დაცვის პოლიციაში და, მით უმეტეს, სასჯელაღსრულებაში. ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადების პროგრამა. ყველამ უნდა გაიაროს ათეულის, ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის დონეზე მომზადება. ისეთ რეგიონში და ისეთ გარემოში ვართ, იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს. საბრძოლო მომზადება უნდა გაიაროს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში, არანაირი გამონაკლისები რელიგიური ნიშნით. „გირჩის“ ის რაღაც მავნებლობა იყო და ეს მავნებლობა უნდა დასრულდეს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს იარაღის ხმარება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყვნენ ბიჭები, მაგრამ თანდათან ქალებმაც გაიარონ საბრძოლო მომზადება, როგორც ფინეთში, ისრაელშია და როგორც ყველა მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყანაშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. ამასთან, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, აღარ იქნება დატოვებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებები.