ალეკო ელისაშვილი - ვხედავთ, რომ საბურთალომ ზურგი აქცია ამ სამარცხვინო არჩევნებს
ვხედავთ, რომ საბურთალომ ზურგი აქცია ამ სამარცხვინო არჩევნებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან საბურთალოს ოლქში მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს.
მისივე თქმით, აზრი არ აქვს ხმის მისაცემად მისვლას, რადგან საღამოს „თამარ ჟვანია და მისი გამყალბებლები გადააკეთებენ რიცხვებს“.
„მინდა, მივულოცო ამხანაგ სერგეენკოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა. იმედია, ის საბურთალოს, ანუ ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა იმედებს გაამართლებს და პირნათლად მოემსახურება ლენინურ პარტიას. მინდა, მივმართო საბურთალოელ ამომრჩევლებს, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს. ჩვენ ვხედავთ, რომ საბურთალომ ზურგი აქცია ამ სამარცხვინო არჩევნებს, 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე დაბალი აქტივობა იყო საბურთალოზე და ვფიქრობ, ეს შენარჩუნდება კიდეც. ესეც არის დასტური იმისა, რომ საბურთალოელი ამომრჩევლები არ მონაწილეობენ გაყალბების მეორე ტურში. მე ყველას მოვუწოდებ ბოიკოტისკენ და თავად არ ვიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში.
ბოიკოტი სწორედ იმისთვის გვაქვს გამოცხადებული, რომ სინამდვილეში დავიცვათ საბურთალოელების ხმები და უბრალოდ არ ვაწვალოთ ადამიანები საარჩევნო უბანზე მისვლით, ვინაიდან აზრი არ აქვს. 31 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ, რომ არც საათობით რიგში დგომას აქვს აზრი, არც ვინმეს შემოხაზვას აქვს აზრი, ვინაიდან საღამოს თამარ ჟვანია და მისი გამყალბებლები დასხდებიან და ისე გადააკეთებენ რიცხვებს, როგორც ეს გააკეთეს 31 ოქტომბერს.
მინდა საბურთალოელებს ვუთხრა, არ აქვს მნიშვნელობა, მე საბურთალოს მაჟორიტარი ვიქნები თუ არა, საბურთალოელების სამსახურში ვიყავი და დავრჩები ყოველთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზეც ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ მესამე რაუნდზე „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ისეთ წინადადებას შესთავაზებს, რომლის შედეგად, კრიზისი დასრულდება.
„გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ფრთხილი ოპტიმიზმი, რომელიც მანამდე მქონდა, ოდნავ გამეზარდა, ვინაიდან ვხედავთ ყველა, რომ ელჩები თავს არ ზოგავენ, რათა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის პოზიციების დაახლოება დაიწყოს. ვისურვებდი, რომ მესამე რაუნდი იყოს ნაყოფიერი, ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდეს ისეთი შემოთავაზებით, ისეთი გონივრული კომპრომისით, რომლის შედეგადაც, ეს კრიზისიც ამოიწურება. ვისურვებდი, იმ მოლაპარაკების მაგიდიდან ვინმე გამარჯვებული ან დამარცხებული კი არ გავიდეს, არამედ ყველანი გამოვიდეთ იქიდან გამარჯვებულები, ყველანი ვიყოთ თავაწეულები და საერთო ჯამში, საქართველომ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.