ალეკო ელისაშვილი - ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, არც მე და არც ლევან იოსელიანი თავს ვალდებულად არ ვთვლით, რომ მათი გადაწყვეტილებები გავიზიაროთ
ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, არც მე და არც ლევან იოსელიანი თავს ვალდებულად არ ვთვლით, რომ მათი გადაწყვეტილებები გავიზიაროთ. როცა საჭიროდ ჩავთვლით, რომ სხდომაზე არ უნდა შევიდეთ, არ შევალთ. როცა საჭიროდ ჩავთვლით, შევალთ. ახლა საჭიროდ არ ვთვლით, რომ პროცესებიდან გავიწიოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე, ელისაშვილის თქმით, უნდობლობის გამოცხადება რთული პროცედურაა და უმრავლესობის ხმები სჭირდება.
„სხდომას დავესწარით, რადგან მოსამართლეების საკითხი წყდებოდა, რომელთაგან ორ ქალბატონს მხარს ვუჭერდით. სამწუხაროდ, ეს კანდიდატურები ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია დარბაზში უნდა ყოფილიყო. მოსამართლეების ყველა განხილვას ვესწრებოდით. ქაოტური გადაწყვეტილებების არ გვესმის. რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე, მათ საყვედურს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რადგან რამდენჯერმე გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ, რომ თუ უნდათ, საკითხები გავიდეს, საჭიროა ელემენტარული კოლეგიალობა. ვიდრე პრესკონფერენციაზე რამეს გვეტყვიან, მანამდე ეს საკითხები უნდა გავიაროთ და აზრები გავცვალოთ. უნდობლობის გამოცხადება რთული პროცედურაა და უმრავლესობის ხმები სჭირდება. როგორ წარმოუდგენია ეს „ლელოს“, უმრავლესობაშია? სანამ ასეთ არასერიოზულ და არაკოლეგიალურ განცხადებას გააკეთებენ, მანამდე იქნება ისეთი გაურკვევლობა, როგორიც ახლა არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.