ალეკო ელისაშვილი - ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ ბევრ რამეზე, მაგრამ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება, ყველა უნდა შევთანხმდეთ
ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ ბევრ რამეზე, მაგრამ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება, ყველა უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო პარტიების ერთობლივი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ელისაშვილის თქმით, ამ განცხადებას პარტია „მოქალაქეებიც“ მოაწერს ხელს.
„ჩვენ ვუერთდებით ამ განცხადებას. ხელს აუცილებლად მოვაწერთ. ტექსტი წინასწარ იყო ცნობილი და ვეთანხმებოდი. კარგია, რომ ჩვენთანაც გამომუშავდება ეს კულტურა, როგორც შეერთებულ შტატებშია ორპარტიული განცხადებები, რაც ნიშნავს, რომ ყველა მთავარი პოლიტიკური მოთამაშე, დემოკრატები იქნება თუ რესპუბლიკელები, რაღაც საკითხებზე თანხმდებიან ხოლმე, მიუხედავად მათი შიდა განსხვავებისა და კინკლაობისა. ასე უნდა ვისწავლოთ ჩვენც, კი ბატონო, ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ ბევრ რამეზე, მაგრამ არის საკითხები და ეს ერთი საკითხია ნატო-ში გაწევრიანება, ასეთ საკითხებზე ყველა უნდა ვიყოთ შეთანხმებული. ვისურვებდი, რომ ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში.