ალეკო ელისაშვილი - ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთეს
მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პროტესტი გაუგებარია, პარლამენტში გაქვს ინსტრუმენტები ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და როცა მათ საკუთარი ხელით ყრი, ეს რა შედეგს მოიტანს მათთვის ან ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთეს.
„ჩემთვის ასეთი პროტესტი არის გაუგებარი. პოლიტიკოსის ნებისმიერი ნაბიჯი შედეგზე უნდა იყოს გათვლილი, რა შედეგზეა ეს პროტესტი გათვლილი? პარლამენტი არის ადგილი, სადაც ყველაზე ეფექტურად შეგიძლია, ემსახურო ქვეყანას და ხალხს, მოაგვარო არსებული პრობლემები. პარლამენტში გაქვს ინსტრუმენტები ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და როცა ამ ინსტრუმენტებს საკუთარი ხელით ყრი, ამაზე ეფექტურად სად აგვარებ ქვეყნის პრობლემებს? გაუგებარია, ეს რა შედეგს მოიტანს ან მათთვის, ან ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძისთვის და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
პარლამენტი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, დღის წესრიგში ორი ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება. კერძოდ, საუბარია, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქციებზე, რომლებიც ამ დროისთვის შვიდი დეპუტატით არის დაკომპლექტებული. იმ შემთხვევაში, თუკი ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, ამ ფრაქციებში დარჩებიან ექვს-ექვსი დეპუტატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციები დაიშლება.