ალეკო ელისაშვილი ვეტერანთა კოდექსზე მუშაობას იწყებს - ვეტერანების საკითხი უნდა იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ღირსება
მუშაობას ვიწყებთ ვეტერანთა კოდექსზე. სამუშაო ჯგუფს ვქმნი და ყველას ვეპატიჟები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ვეტერანების საკითხი უნდა იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ღირსება.
„მათ სჭირდებათ დაფასება და მათი ღვაწლის დაფასების გამოხატულება იქნება სწორედ ვეტერანთა კოდექსის შემუშავება. ჩვენ არ გვაქვს ვეტერანთა კოდექსი, თუმცა ევროპის არაერთ ქვეყანაშია მსგავსი დოკუმენტი. ვეტერანების შესახებ გვაქვს გაფანტული კანონები, გაფანტული ნორმატიული დოკუმენტები, როგორც ვეტერანთა წესის მიღების შესახებ, რომელიც ხარვეზიანია და ხშირ შემთხვევაში ვეტერანები, დაფასების ნაცვლად, პრობლემებს აწყდებიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, მათი სოციალური, ჯანდაცვის პაკეტი არის ქაოსური, არეულ-დარეული, არასწორი დაბეგვრის რეჟიმი მუშაობს, ასევე განათლების ნაწილშიც ხელშეწყობა უნდა ამ ადამიანებს.
„მინდა, მოხდეს ამ ყველაფრის ერთ სამართლებრივ სივრცეში, ერთ კოდექსში თავმოყრა. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულების გამოხატვა ვეტერანებისადმი, იმ ხალხისადმი, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის მიმართ და სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო. არიან ბიჭები, მეომრები, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ. მათ ბრძოლას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, მაგრამ ისინი ვერ ასაბუთებენ, რომ არიან ვეტერანები. ასეთები არიან, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური სპეცრაზმის ბიჭები, რომლებიც იქ ზეპირი ბრძანების საფუძველზე შეიყვანეს. ისინი იბრძოდნენ, არაერთმა მათგანმა ჭრილობა მიიღო, დანაკარგი არ ჰქონია ამ ქვედანაყოფს, მაგრამ იბრძოდნენ და ბევრი მათგანი დაიჭრა. სახელმწიფო კი ეუბნება მათ, რომ ისინი არ არიან ვეტერანები და არ იმსახურებენ ვეტერანის სტატუსს. ახლა მე ვცდილობ, მათ დავეხმარო. ანალოგიური შემთხვევა იყო იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეცრაზმთან, რომელიც ასევე ზეპირი ბრძანების საფუძველზე შევიდა სამაჩაბლოში და იბრძოდნენ. სახელმწიფომ მათაც უარი უთხრა, მაგრამ სასამართლოს გზით დაასაბუთეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ვეტერანების სოციალური და საშეღავათო პირობები არის აბსურდული.
„მაგალითად, თბილისში მცხოვრები ვეტერანები სარგებლობენ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ, მაგრამ მცხეთელი, ბათუმელი, ყვარლელი ვეტერანი ვერ სარგებლობს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ, და პირიქით, თბილისელი ვეტერანი, თბილისის გარდა, ვერსად სარგებლობს უფასო ტრანსპორტით. ეს როგორი აბსურდია, ხომ წარმოგიდგენიათ? ვეტერანი ხომ არ არის ლოკალურად რომელიმე რეგიონის ვეტერანი, ის საქართველოს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანია. ამიტომ მსგავსი აბსურდი უნდა მოიხსნას.
გარდა ამისა, ამავე კოდექსის ფარგლებში უნდა მოვითხოვოთ, რომ, ვინც იბრძვის უკრაინაში უკრაინელთა მხარეს, ამ ბიჭებმაც უნდა მიიღონ ვეტერანის სტატუსი, თუ ეს სტატუსი მანამდე არ ჰქონდათ, რადგან ისინიც საქართველოსთვის იბრძვიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.