ალეკო ელისაშვილი - ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ
ალეკო ელისაშვილი - ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ

ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას კანონპროექტზე, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამის ზემოქმედებად განხილვა მოსალოდნელი იყო.

„კარგია, რომ ასეთი შეფასებაა და ეს მოსალოდნელიც იყო. რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს საქმეებში ერევა, ამიტომ მოდი, ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავკრძალოთ და რეგისტრაცია გავუუქმოთ. ეს დემოკრატიული და ნორმალური იდეა ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც დაფინანსების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ამის ზემოქმედებად განხილვა.

ესეც გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას რომ იღებენ და თან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თან ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ეს კიდევ კარგი, გავიგოთ, გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და ხელფასს იღებენ, აქ ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ეს ნამუსიანი და სწორი საქციელია. ამას ვერავინ ვერასდროს განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შეფასებას „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ გაითვალისწინებს.

„ჩემი ღრმა რწმენით, გაითვალისწინებენ. მმართველი გუნდი ახლა უზარმაზარი გამადიდებლის ქვეშ არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. იმის ფუფუნება, რომ გადახიონ ვენეციის კომისიის დასკვნა და გადაყარონ, ასე არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს.