ალეკო ელისაშვილი - ყოჩაღ პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ტყვეების გაცვლის საქმეში იყო ჩართული
ეს ის მომენტია, როცა უნდა ვიყოთ სოლიდარულებიც და ამაყებიც, რომ სწორედ საქართველოს მეშვეობით მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის ტყვეების გაცვლა, ყოჩაღ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ საქმეში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ჩართულობით მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა და ამით ყველამ უნდა იამაყოს, ხოლო პრეფერენციები გვერდით გადადონ.
„ძალიან ყურადსაღები ამბავი იყო, და რა ვქნა, პირდაპირ ვიტყვი, ყოჩაღ ყველას, ვინც ჩვენი მხრიდან ამაში იყო ჩართული. რამდენადაც ვიცი, ჩართული იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ყოჩაღ მას და ყოჩაღ ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ასევე იყო ჩართული ამ საქმეში. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ ვერ ვიყენებდით, განსაკუთრებით აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტში სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს. ამ როლის გამოყენება არის ძალიან კარგი მთელი ქვეყნისთვის.
არის საკითხები, სადაც უნდა ვიყოთ ყველანი სოლიდარულები და ამაყები, ეს ის მომენტია, როცა უნდა ვიყოთ სოლიდარულებიც და ამაყებიც, რომ სწორედ საქართველოს მეშვეობით მოხდა ორ ჩვენ მეზობელს შორის ტყვეების გაცვლა. ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი ამბავი. კიდევ ერთხელ ვამბობ, გადავდოთ პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა. გამიკვირდა, არ მეგონა, ამას თუ შევძლებდით, და რამდენადაც გამიკვირდა, იმდენად გამეხარდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.