ალეკო ელისაშვილი - უმრავლესობის წარმომადგენლები უბრალოდ არ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას
უმრავლესობის წარმომადგენლები უბრალოდ არ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას, თუმცა ჩვენ ეს საკითხი დავსვით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხუთი გვარი თავიდანვე იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე. იმ ხუთიდან ორი უკვე გათავისუფლებულია. დარჩა სამი გვარი. ხუსკივაძე და კობალაძე გამოშვებულები არიან“, – აღნიშნა ელისაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრებში, რომლებიც ჯერაც დაკავებულები არიან გიორგი რურუას, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს გულისხმობს.
მისივე თქმით, უმრავლესობის წარმომადგენლები არ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას.
„ისინი უბრალოდ არ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსვამდით ამ საკითხს, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ როდის იქნება მორიგი შეხვედრა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ თარიღი ჯერ უცნობია.
„არ ვიცი. შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გვექნება ერთმანეთთანაც და ელჩებთანაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ჩინის მოხელე, ვინ საქართველოს ტერიტორიებით ვაჭრობას ცდილობდა.
„მაინტერესებს ზემდგომი ვინ არის. ზემდგომის ბრალეულობა უნდა გაირკვეს, ვინც საქართველოს ტერიტორიებით ვაჭრობას ცდილობდა. ნებისმიერი ჩინის მოხელე უნდა დაისაჯოს და გამოძიებამ ზუსტად ეგ უნდა გამოიძიოს. მეცნიერებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.