ალეკო ელისაშვილი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყო ერთგვარი შემობრუნების წერტილი
ალეკო ელისაშვილი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყო ერთგვარი შემობრუნების წერტილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგვარი შემობრუნების წერტილი, რადგან მანამდე საქართველო უკრაინელების თვალში ძალიან ცუდად ჩანდა.

„მე იქ პოლიტიკოსებს არავის შევხვედრივარ, ფორმა მეცვა და სამხედრო ბაზაზე ან ოპერაციაზე ვიყავი, პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მქონია. ჯარისკაცებს ან უბრალო მოქალაქეებს ვეკონტაქტებოდი და ისინი გულდაწყვეტილი იყვნენ საქართველოს პოზიციით. მე რომ მკითხოს კაცმა, უკრაინასაც ცოტა მეტი მოუვიდა ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ უკრაინელების უნდა გავიგოთ, ისინი არ იმყოფებიან ჩვეულებრივ ვითარებაში, ისინი არიან ომში ჩაბმული და მათთვის პატარა რაღაცაც ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისგან, რომლისგანაც ყველაზე დიდი მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. ამიტომ, შეიქმნა ძალიან ცუდი ფონი და ძალიან კარგი იყო, რომ საერთო ჯამში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩავიდა და თან ჩავიდა თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფით დაკომპლექტებული, ჩამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და არა ვთქვათ ცალკე ოპოზიციური დელეგაცია ან ცალკე რამდენიმე დეპუტატი. ეს იყო ძალიან კარგი, რადგან მასპინძელი იყო რადას თავმჯდომარე, მე არ ვიყავი დელეგაციის წევრი, უბრალოდ კიევში ველოდებოდი მათ და შემდეგ შევხვდი, როცა ბუჩადან და ირპენიდან დაბრუნდნენ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი. პირადი კონტაქტი, პირადი კომუნიკაცია, მით უფრო, ბრძოლაში და ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ამავდროულად იყო საკმაოდ გაბედული, რადგან საფრთხეებისგან დაცული არავინ იყო.

„ბოლოს მე მათთან ერთად წავედი მატარებლით პოლონეთში, ზუსტად რამდენიმე საათში ის ადგილი, სადაც ჩვენ გამოვიარეთ, რკინიგზასთან ლვოვში, დაიბომბა. იმ დროს რომ ჩამოვარდნილიყო რაკეტა, ამოატრიალებდა მთელ ჩვენს მატარებელს. ასე რომ, უსაფრთხო და რაღაცა გასეირნება, ექსკურსიაზე წასვლა არ იყო, ეს იყო საკმაოდ გამბედავი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის  მხრიდან და ამან რა თქმა უნდა გააჯანსაღა ვითარება. იქ კარგი განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან და ერთგვარი შემოტრიალებაა, ასე უნდა გაგრძელდეს, რადგან უკრაინა იბრძვის მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ებრძვის ჩვენს საერთო მტერს, ბოლო 30 წელია, სისხლი რომ გაგვიშრო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.