ალეკო ელისაშვილი - უკრაინაში დღეს თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება, იარსებებს თავისუფალი სამყარო, ან 21- ე საუკუნის სახედაბოტოქსებული თემურ ლენგი მიითვისებს ყველაფერს
ალეკო ელისაშვილი - უკრაინაში დღეს თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება, იარსებებს თავისუფალი სამყარო, ან 21- ე საუკუნის სახედაბოტოქსებული თემურ ლენგი მიითვისებს ყველაფერს

უკრაინაში, რეალურად, დღეს, თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება – იარსებებს თავისუფალი სამყარო, ან 21- ე საუკუნის სახედაბოტოქსებული თემურ ლენგი მიითვისებს ყველაფერს და გადაყლაპავს მთელ ევროპას, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმედია, ევროპის ლიდერები ხვდებიან, რომ პუტინი არც დონეცსა და ლუგანკსზე გაჩერდება.

„პუტინი არ გაჩერდა სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე, ყირიმზე და საერთო ჯამში არც უკრაინაზე გაჩერდება. ვიდრე ევროპის ყველა დედაქალაქს არ მიიერთებს და თავის უშნო, სამფეროვან დროშას ყველგან არ წამოჭიმავს, მას ვერაფერი გააჩერებს. ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა. თუ ახლა ევროპისა და ამერიკის ლიდერები არ იმოქმედებენ ძალიან გადამწყვეტად და ეფექტურად, მაშინ მიწებით და ხალხის სისხლით გაუმაძღარ პუტინს ვერავინ გააჩერებს. ჩვენ სრულად სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინელების, რადგან მათ თავს ის ხდება, რაც 2008 წელს ჩვენ განვიცადეთ და უფრო მანამდე 90-იან წლებში. ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაიწყებენ ტერიტორიის შეღობვას. მათი გადმოსახედით, დონეცკის ოლქში შედის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, არის სახმელეთო გზაზე ყირიმსა და დანარჩენ დონეცკის ტერიტორიას შორის. ეცდებიან მარიუპოლი აიღონ, იქ იქნება გადამწყვეტი, გაუწევენ თუ არა წინააღმდეგობას უკრაინული არმია, თუ თვალს დახუჭავენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახლა მოქმედების დროა.

„ვნახოთ, აქვთ თუ არა მართლაც ფასეულობები და ღირებულებები ევროპის ლიდერებს. უკრაინის შემდეგ ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის ჯერი იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სცენარის განვითარებისგან, მაგრამ სანამ ჩვენ ღმერთს ვევედრებით, პუტინი და მისი სამხედრო ელიტა ზუსტად ასეთ სცენარზე მუშაობენ. სანამ სხვები ვერ წარმოვიდგენთ, რომ ეს პროცესები ასე შეიძლება განვითარდეს, საზღვრები შეცვალო და სუვერენულ სახელმწიფოებს თავს დაესხა, მაშინ პუტინი ასე მოქმედებს, მას აქვს ზუსტი გეგმები სახელმწიფოები როგორ დაანგრიოს. ჩვენ სრულად სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინის მიმართ, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილები, შევხედოთ როგორ იქცევა ზელენსკი შესაშურად თავდაჯერებულად, ფრთხილად, პრინციპულად და როგორ არ ცანცარებს. პირიქით ცდილობს, ზედმეტი ფრაზებით და მოქმედებით პროვოცირება არ მოახდინოს საფრთხის, მაგრამ ვნახეთ, თავის სათქმელს როგორც ახლის ყველას, ახლაც გამოვიდა და თქვა – დავინახავთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ აშინებს რუსეთს სიტყვებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები და სოლიდარულები. ჩვენგან ზედმეტი არც სიცანცარეა საჭირო და არც სიბეჩავე, ეს ზღვარი უნდა გვეჭიროს ზუსტად ისე, როგორც უჭირავს არაჩვეულებრივად ზელენსკის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.