ალეკო ელისაშვილი - უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი „ქართულმა ოცნებამ“, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ტექნიკურად ვერ მოახერხე სააკაშვილის ჩართვა, თურმე ერთი ლეპტოპი ვერ იშოვა იუსტიციის სამინისტრომ
ჩემი აზრით, სააკაშვილი სასჯელს დამსახურებულად იხდის, მაგრამ როდესაც ამდენი საუბარია, რომ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ტექნიკურად ვერ მოახერხე ჩართვა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.
ელისაშვილის განცხადებით, ასე მოქცევა არ შეიძლება.
„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი „ქართულმა ოცნებამ“. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ჩემი აზრით, სასჯელს დამსახურებულად იხდის, მაგრამ როდესაც ამდენი საუბარია, რომ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია, სიკვდილის პირასაა, 21-ე საუკუნეში იმის თქმა, რომ ტექნიკურად ვერ მოახერხე ჩართვა, ძალიან სამარცხვინო პოზიციაა. რამდენ ხანს უნდა მალონ, არ შეიძლება ასე, სირცხვილია. თურმე ერთი ლეპტოპი ვერ იშოვა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ჩართოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას, სადაც რატი ბრეგაძე ამბობს: „თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზემოქმედებას, რათა მოპოვებული იყოს თავისუფლება, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ“.
ელისაშვილის თქმით, თუ შესაძლებელია ხალხისთვის ჩვენება, რომ, სინამდვილეში, სააკაშვილი ძალიან ყოჩაღად, მხნედ არის, იუსტიციის სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს ის, რაც გამოსაქვეყნებელია და ყველაფერს პასუხი გაეცეს.
„რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის ქადაგებას, ესეც სამარცხვინოა. რაღაც დასამალი თუ არ გაქვს, მაშინ გახსენი ეს პროცესი და ნებისმიერ დაინტერესებულს მიეცი საშუალება, ნახოს, როგორ გამოიყურება სააკაშვილი. ყველანაირი ეჭვი, რომ სააკაშვილს კლავენ, წამლავენ, უნდა გაქარწყლდეს. თუ მართლა არ წამლავენ და მართლა არ უნდათ, შეგნებულად სიკვდილის პირას მიიყვანონ, გამოაქვეყნონ, რაც არის გამოსაქვეყნებელი, აჩვენონ, რა არის საჩვენებელი, რომ ყველანაირი ეჭვი მოისპოს სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. თუ შეგიძლია აჩვენო, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და, სინამდვილეში, ძალიან ყოჩაღად, მხნედ არის, აჩვენე ეს ყველაფერი. ეჭვები ჩნდება იქ, სადაც რაღაც არის დამალული და დაფარული. გაფანტე ეჭვი, თუ ეს შეგიძლია“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
მოსამართლემ სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. მოსამართლემ ასევე წიკითხა „ვივამედიდან“ მიღებული წერილი, რომლის თანახმად, 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
შემდეგი პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.