ალეკო ელისაშვილი - ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა არასერიოზულია, გულდასაწყვეტია, რომ ამხელა ენერგია გადაუჭრელი ამოცანის გადაწყვეტისკენ წავა
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არასერიოზულია. გულდასაწყვეტია, რომ ამხელა ენერგია გადაუჭრელი ამოცანის გადაწყვეტისკენ წავა და ვიცით, ეს ყველაფერი რითიც დამთავრდება – არც ღარიბაშვილი გადადგება და არანაირი ტექნიკური მთავრობა არ იქნება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, „გულდასაწყვეტია, რომ ეს ყველაფერი არის ძალისხმევის ასხლეტის და გადატანის გზა“.
„არადა, მოცემულობაა, რომ მთელი ერისთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობა მიიღოს და ამისთვის ექვს-თვიანი ვადა გვითხრეს, კონკრეტული დავალებები მოგვცეს. მიტინგის ორგანიზატორების, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ 12 რეკომენდაცია შევასრულოთ და რეალური პერსპექტივა მივიღოთ. ჩემთვის დანარჩენი სხვა ძალისხმევა გაუგებარი და არასერიოზულია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს? – მიტინგზე ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მთავრობამ შექმნას? – ეს ასე არ ხდება. პოლიტიკური მეცნიერების ანა-ბანაა, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს, ვინც არჩევნებში უმრავლესობას მიიღებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ.
„ქართულ ოცნებას“ თუ რეკომენდაციებს შევასრულებინებთ და სტატუსი მივიღეთ, ეს იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი. თუ ვერ შევასრულებინეთ, შემდეგ რიგგარეშე არჩევნებზეც ვილაპარაკოთ და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს. საზოგადოების ერთ ნაწილს რეალური ჰგონია ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადააყენებენ, მთავრობას დააკომპლექტებენ, თავად იქნებიან მინისტრები და დეოლოგარქიზაცია რომ მოხდეს, ნორმალური სასამართლო რომ იყოს და დეპოლარიზაცია, ეს მიუღწეველი ჰგონიათ? – ეს ჩემთვის გამაოგნებელია. მთავრობის გადაყენების გჯერა და მინისტრი იქნები და დეპოლარიზაციის, არა? – მგონია, რომ ყველას ენერგია მიმართული უნდა იყოს იქით, რომ ეს 12 პუნქტი შევასრულებინოთ „ქართულ ოცნებას“ და ნაწილი ჩვენც შევასრულოთ. ზოგი პუნქტი მარტივია, რთულია სასამართლო და დეოლიგარქიზაცია, მაგრამ რთული ამოცანები უნდა შევასრულოთ. აპრიორი რომ ეუბნები, 12 პუნქტი არ მინდა, ანუ, ამით რას ამბობ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ მიიღო?“, – განაცხადა ელისაშვილმა.