ალეკო ელისაშვილი - თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას აზიანებს არა ოპონენტების პოლიტიკური განცხადებები, არამედ სუს-ის არაეფექტურობა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, რაც პრობლემას წარმოადგენს.
მისივე თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას აზიანებს არა ოპონენტების პოლიტიკური განცხადებები, არამედ სუს-ის არაეფექტურობა.
„სუს-თან ბიდიშს ვიხდი, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არ უნდა გმინავდეს და შეშფოთების განცხადებებს ავრცელებდეს, სუს-ი ქვეყანას უნდა იცავდეს. პრობლემაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მაინტერესებს, რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ. ძალიან არაეფექტური სისტემა და სტრუქტურაა, ეხერხებათ მხოლოდ ოპონენტების თვალთვალი, მოსმენა და მიყურადება. სუს-ი რომ თავის სიმაღლეზე იყოს, მაშინ ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გაავრცელებდნენ.
თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას ოპონენტების პოლიტიკური განცხადებები კი არ აზიანებს, არამედ სუს-ის არაეფექტურობა. ეს ქვეყანა დაუცველია, რადგან ჩვენი უსაფრთხოების სისტემა არის აწყობილი პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალზე, მიყურადებაზე, შანტაჟსა და ათას ჯანდაბაზე, არა იმაზე, რისთვისაც ეს უწყება არსებობს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება კრიტიკულად აზიანებს პროცესებს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე, კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას“.