ალეკო ელისაშვილი - სწორია, რომ პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო, მაგრამ განცდა მაქვს, ამას ძალიან მარტივად დაძლევენ
სწორია, რომ პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო, მაგრამ ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილს კითხვა დაუსვეს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით.
„„ქართულ ოცნებას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური მოადგილე ყელში ეჩხირებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, ისევ ხელის გადაწევის პრინციპით იმოქმედოს და წინასაარჩევნოდ ასეთი საარჩევნო ცვლილებები შემოგვთავაზოს. სწორია, რომ პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო, მაგრამ განცდა მაქვს, ამ ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევენ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის გვირჩევს, საარჩევნო კანონმდებლობას ნუ ცვლით არჩევნების მოახლოებისასო, მანამდე შეცვალეთ, რაც შესაცვლელია, რათა სტაბილურობის, საიმედობის განცდა იყოსო. რომ მიახტნენ, ახლა გაახსენდათ? მიახტნენ და დაუწყეს ჩხიკინი.
გიორგი კალანდარიშვილს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მასთან დაკავშირებით შეცდომის დაშვება მოხდა. ჩვენმა პარტიამ და „გირჩმა“ მას ორჯერ დავუჭირეთ მხარი, რადგან მისი რეპუტაცია გაყალბებასთან არ იყო დაკავშირებული, აღნაგობის გამო ხომ ვერ დავიწუნებდით? თავის დროზე ოპოზიციამ მხარი არ დავუჭირეთ, რაც შეცდომა იყო. „ქართული ოცნება“ გაბრაზდა და ახლა მოადგილის პოსტი გააუქმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა“.