ალეკო ელისაშვილი - სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, შევალთ მარტო, რადგან დაგვემხო ქვეყანა თავზე
სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, შევალთ მარტო, რადგან დაგვემხო ქვეყანა თავზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემის წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, თუ „ქართული ოცნება“ შეასრულებს ისეთ პირობებს, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემის ცვლილება, დაელოდება თუ არა პარტია „მოქალაქეები“ დანარჩენ ოპოზიციას, ელისაშვილმა უპასუხა, რომ არავის დაელოდებიან.
ამასთან, კითხვაზე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ დააახლოვა თუ არა ის პარლამენტში შესვლის საკითხთან, ელისაშვილმა უპასუხა: „თუ მართლა წავიდა, კი“.
„უფრო უნდა გამოფხიზლდეს ოპოზიცია. გაუთავებელი მეხუთე რაუნდის მოლოდინში კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს იქ, სადაც ხალხმა აგვირჩია, ოღონდ გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდის შემდეგ.
ველოდებით მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს. მეხუთე რაუნდი თუ არ გაიმართება, ჩვენ მოვიფიქრებთ, როგორ ვიმოქმედოთ. თუ „ქართული ოცნება“ გადაიხდის იმ პოლიტიკურ ფასს, რაც ჩვენ ვფიქრობთ, ქვეყნისთვის არის საშვილიშვილო ამბავი -პოლიტპატიმრების გამოშვება, ცესკო-ს ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო რეფორმა – თუ ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, „ქართული ოცნება“ ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები. ჩვენ არავის აღარ ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ მარტო, რადგან დაგვემხო ქვეყანა თავზე, აღარ არის ახლა გაბუტვის და ზურგით დგომის დრო. გამოვგლიჯოთ რაც გამოსაგლეჯია. რისთვის ვიბრძოდით მიტინგებში, რისთვის ვიბრძოდით ცესკო-სთან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი